ალაჩათი არ ჰგავს ტიპურ ზღვისპირა კურორტს. ეს პატარა, სითბოთი სავსე სოფელი ეგეოსის ზღვის სანაპიროზე, შარმით, სიმშვიდითა და მჭიდროდ შეფენილი ქვით ნაშენები სახლებით მოგაჯადოვებს. თუ ოდესმე გდომებია, რომ დრო გაჩერდეს და უბრალოდ მშვიდად ისუნთქო ზღვისა და ლავანდის არომატით სავსე ჰაერი, ალაჩათი სწორედ ეს ადგილია.
რატომ არის ალაჩათი ასე განსაკუთრებული?
ალაჩათი, თურქეთი – ადგილი, სადაც წარსული და თანამედროვეობა ხელიხელჩაკიდებული დადიან. აქ არ არის გიგანტური სასტუმროები ან ხმაურიანი ღამის კლუბები. ყველაფერი მცირე მასშტაბზეა რაც მისი მთავარი ხიბლია.
ალაჩათის სახლები ზუსტად ისეთია ბავშვობაში რომ ვხატავდით, ულამაზესი ხის ფანჯრები და ფერადი კარები. სახლების წინ ლიმონის ხეები, ვაზის ხვიარა ტოტები და ყვავილებით სავსე აივნებია. ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ თავი ზღაპარში გეგონოს.
ქარის წისქვილები და ვიწრო ქუჩები – ალაჩათის სიმშვიდე
ალაჩათის ერთ-ერთი სიმბოლოა ქარის წისქვილები, რომლებიც მთიდან ზღვისკენ ქარის მიმართულებით დგანან. ადრე ეს წისქვილები პურის დასაფქვავად გამოიყენებოდა, ახლა კი, ადგილობრივი მემკვიდრეობის ნაწილად იქცა.
სოფლის ვიწრო ქუჩებში გასეირნება თავისთავად მოგზაურობაა: ლამაზი ბუტიკები, ხელნაკეთი ნივთების მაღაზიები და კაფეები, სადაც დილას მეპატრონე გთავაზობს ახლად მომზადებულ ჩაის და შინ მომზადებულ ნამცხვარს.
ღვინო, ზეთი და ბაზარი – გემოები ალაჩათიდან
ალაჩათი ცნობილია ადგილობრივი ღვინოებითა და ზეითუნის ზეთით. აუცილებლად უნდა გასინჯო მათი თეთრი ღვინო და ზეთისხილით სავსე თურქული საუზმე.
თუ ბედი გაგიღიმებს და ბაზრის დღეს მოხვდები, უხვად ნახავ ახლად დაკრეფილ ბოსტნეულს, სანელებლებს, სახლში გამოხდილ ზეთსა და საოცარ თურქულ ტკბილეულს. ეს ბაზარი ტურისტებისთვის არაა მოწყობილი, აქ ადგილობრივებიც შოპინგობენ, რაც კიდევ უფრო ავთენტურ გარემოს ქმნის.
სად გავჩერდეთ ან როგორ დავგეგმოთ მოგზაურობა ალაჩათში
ალაჩათი არ მოითხოვს ფუფუნებას, აქ მთავარი სიმშვიდე და ბუნებრივ გარემოსთან ახლო კავშირია. პატარა ბუტიკ-ჰოტელები ან საოჯახო სასტუმროები საუკეთესო ვარიანტია. უმეტესობა მათგანის კედლები ისტორიით გაჯერებულია, ხოლო სერვისი საოცრად თბილი და გულწრფელი.
მოგზაურობისთვის საუკეთესო დროა მაისი ან სექტემბერი, როცა ხალხი ნაკლებია, ხოლო ამინდი იდეალური. ალაჩათში მოხვედრა იზმირის გავლით შეგიძლია, ავტობუსით ან ავტომობილით.
ალაჩათი, თურქეთი – ეს არის ადგილი, სადაც დრო ნელა იწყებს სვლას, გულწრფელი ღიმილი ჭარბობს და ყოველდღიური ჩქარი ტემპი სადღაც ქრება. აქედან შინ დაბრუნება არავის უნდა და თუ ერთხელ მაინც ნახავ, აუცილებლად დაბრუნდები.