ბოდრუმი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ყველასათვის საყვარელი ზღვის კურორტია თურქეთში. ეგეოსის ზღვის სანაპიროზე მდებარე ეს მომხიბლავი ქალაქი დასვენების, კულტურისა და თავგადასავლების შესანიშნავ ნაზავს გვთავაზობს. თუ თქვენ გეგმავთ აქ მოგზაურობას, გთავაზობთ, როგორ გაატაროთ დაუვიწყარი დღე ბოდრუმში, მოინახულოთ ყველა აუცილებლად სანახავი ადგილი და დატკბეთ მისი უნიკალური ხიბლით.
დილა: ისტორიული დასაწყისი
დაიწყეთ დღე დროში მოგზაურობით. გაემართეთ პირდაპირ ბოდრუმის ციხესიმაგრისკენ, რომელიც ასევე ცნობილია როგორც წმინდა პეტრეს ციხე. ეს განსაცვიფრებელი ციხე, რომელიც აშენდა მე-15 საუკუნეში, გთავაზობთ ეგეოსის პანორამულ ხედებსა და წყალქვეშა არქეოლოგიის მუზეუმს. აქ ნახავთ არტეფაქტებს, რომელიც რეგიონის ისტორიას საუკეთესოდ გადმოსცემს.
შემდეგ, ცოტა ხნით გაისეირნეთ ჰალიკარნასის მავზოლეუმამდე, რომელიც ძველი სამყაროს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთია. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ნაშთებია შემორჩენილი, ისტორიის მოყვარულთათვის მაინც საინტერესო ადგილია.
შუადღე: სანაპირო დასვენება
დღის ეს მონაკვეთი საუკეთესოა ზღვაზე გასასვლელად. აიღეთ გეზი Camel Beach ან Bitez Beach-ისკენ, რომლებიც ცნობილია ოქროსქვიშებითა და კრისტალურად სუფთა წყლებით. ეს სანაპიროები თქვენს იმედებს ნამდვილად არ გააცრუებენ.
მათთვის, ვინც ეძებს უფრო ძვირადღირებულ გამოცდილებას, მოინახულეთ ბოდრუმის ერთ-ერთი ექსკლუზიური პლაჟის კლუბი, როგორიცაა Xuma Beach ან Mavi Beach, სადაც შეგიძლიათ დატკბეთ ზღვით, კოქტეილებითა და დამატებითი სერვისებით.
სადილი: ტრადიციული კერძები
ბოდრუმში შეგიძლიათ საუკეთესო თურქული ტრადიციული კერძები დააგემოვნოთ. გაუმასპინძლდით თავს ახალი ზღვის პროდუქტებით. შეგიძლიათ Limon Café-ს ესტუმროთ, რომელიც გორაკზე მდებარეობს, სადაც გამორჩეულად კარგ ზღვის პროდუქტებს ამზადებენ, თანაც ამ ყველაფერს ემატება ულამაზესი ხედები, რომლებიც ამ კაფიდან იშლება.
სადილი კი სრულყოფილი რომ გამოგივიდეთ, ბოლოს თურქული ყავა ან ჩაი და ბაქლავა შეუკვეთეთ.
შუადღე: ადგილობრივი კულტურა და შოპინგი
ლანჩის შემდეგ, გაისეირნეთ ბოდრუმის პორტში, სადაც ძვირადღირებულ იახტებს შეხვდებით.
შემდეგ, გაიარეთ ბოდრუმის ბაზრობაზე. ეს ხმაურიანი ბაზარი ხელნაკეთი ნივთების საგანძურია. ვაჭრობა გართობის ნაწილია, ასე რომ, ნუ შეუშინდებით გამყიდველებთან ფასებზე ლაპარაკს, ასე თქვენი დღე უფრო სახალისო გახდება.
ასევე, შეგიძლიათ ბოდრუმის გრანდ მოლშიც იშოპინგოთ, სადაც თითქმის ყველა ცნობილი ბრენდის მაღაზია და კვების ობიექტები დაგხვდებათ.
საღამო: მზის ჩასვლა და კარგი ვახშამი
დღის დამთავრებისთანავე გაემართეთ გუმუშლუკის ყურეში, წყნარ ზღვისპირა სოფელში, რომელიც იდეალურია მზის ჩასვლის საყურებლად. წყალზე ასახული ოქროსფერი სხივები ჯადოსნურ ფონს ქმნის, როდესაც ერთ-ერთ სანაპირო რესტორანში ვახშმობთ.
თუ დახვეწილ, მაღალი კლასის რესტორანში ვახშმობას დააპირებთ, The Bodrum Edition-ის Morena რესტორანი საუკეთესო არჩევანია, თანამედროვე და ინოვაციური კერძებით.
ღამე: აქტიური ღამის ცხოვრება
თუ ღამის ცხოვრება თქვენთვის მნიშვნელოვანია, ბოდრუმი არც აქ გაგიცრუებთ იმედებს. თუ ხალხმრავალ კლუბს ეძებთ, ჰალიკარნასი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ღამის კლუბი, საუკეთესო ადგილია. ღია ცის ქვეშ მოწყობილი ეს ადგილი ელექტრონული მუსიკის მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხეა.
თუ შედარებით პატარა ბარს ეძებთ, ეწვიეთ Kule Rock City Bar-ს, რომელიც ერთ-ერთი სასტუმროს სახურავზეა.
ბოდრუმი ყველასათვის საყვარელ ადგილად რჩება უკვე დიდიხანია. თურქეთის ეს კურორტი ყველა მოგზაურის გაოცებას ახერხებს.
შეარჩიეთ თქვენზე მორგებული ბოდრუმის ტური დღესვე და დაგეგმეთ საუკეთესო დასვენება !